გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ  საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

ამის შესახებ ქადაგიძემ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ბიუროკრატიული რეზერვების კომენტირებისას განაცხადა.

"თუ მეკითხებით, სად შეიძლება ბიუროკრატიის შემცირება, გეტყვით, საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა სიპებზე და სტრუქტურებზე. შვეიცარია, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო, უკლებლივ. მაგალითად, შესაძლებელია გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად, გაუქმდეს მაგალითად სასჯელაღსრულების სამინისტრო. ასეთი სამინისტრო არ გვხვდება არცერთ ევროპულ ქვეყანაში. თავის დროზე, მას შემდეგ, რაც პროკურატურა გაერთიანდა იუტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, ამიტომ აუცილებელი გახდა სასჯელაღსრულების გამოყოფა. ახლა კი, როცა პროკურატურა აღარ არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შეგვიძლია სასჯელაღსრულება მთლიანად დავუბრუნოთ იუსტიციის სამინისტროს. სპორტის სამინისტრო მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ და გადავცეთ განათლების ან თავდაცვის სამინისტროს. შეგვიძლია გავაუქმოთ კულტურის სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთია. თავისუფლად არის შესაძლებელი სამინისტროების რიცხვის განახევრება", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უწყებების განახევრება ქვეყანას მისცემს დაზოგილ ასეულობით მილიონ ლარს, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს ქვეყანას, ძალიან ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებელზე გავიდეს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, თუ რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ და რა გაკეთდა არასწორად, ამაზე ქადაგიძემ განაცხადა: "ბიუჯეტი უნდა იყოს მიზნობრივად განაწილებული. არ შეიძლება თანხა იხარჯებოდეს ყველაზე. თანხა უნდა იხარჯებოდეს მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის ყველაზე უფრო მეტად ეფექტური საზომი ფისკალური პოლიტიკის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საკითხები, სადაც გაქვს წარმატებული მაგალითები ამ კუთხით, მაგალითად უმწეოთა დახმარება, თუმცა არის მაგალითები, როცა ეხმარებიან ადამიანებს, ვისაც არ სჭირდება. თუ დავეხმარებით მხოლოდ უმწეოებს, ამ გამოთავისუფლებული ხარჯებით საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მიიღებენ უფრო მეტ თანხას, ხოლო ის ადამიანები, ვისაც ეს თანხა არ სჭირდება, არ მიიღებენ ამ თანხას", - განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.