გიორგი კვირიკაშვილი - მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებში ბიზნესმენების ჩართულობა იქნება მაქსიმალური

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას საინტერესოს უწოდებს , - ამის შესახებ კვირიკაშვილმა სასტუმრო "რედისონში" შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც თითქმის სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ბევრი აქტუალური საკითხი დაისვა, მათ შორის ტენიკური ხასიათის. "ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ ასეთი ტიპის შენიშვნები უნდა გავითვალისწინოთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან დადებითად შეფასდა საგადასახადო რეფორმა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და ცვლილებები პარლამენტშია გადაგზავნილი. "ამ რეფორმასთან დაკავშირებით გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. ერთი საკითხი მოიცავდა საბანკო სექტორს და პრინციპში მე ვეთანხმები, რომ საბანკო სექტორი უნდა მოიცვას ამ რეფორმამ, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს წელს არ გაგვეკეთებინა და შესაძლოა, ამ ნაწილში ამოქმედებაზე ვიფიქროთ უფრო მოგვიანებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ძირითად პრობლემებს, რომელიც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ამ მხრივ პრემიერ-მინისტრმა სასამართლო სისტემაში საკითხების განხილვის ვადები გამოყო, რასაც კვირიკაშვილის თქმით "სერიოზული მიხედვა სჭირდება".

"ამ კუთხით გვექნება ალბათ საუბარი იუსტიციის სამინისტროსთან და თვითონ სასამართლოსთანაც, რადგანაც ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყანაში ბიზნესის სწრაფ განვითარებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ადმინისტრირების დაჩქარების საკითხებს, ანუ გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეს. "ჩვენ ვქმნით გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის სპეციალურ ქვედანაყოფს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ ცვლილებებს მივიღებთ უახლოეს მომავალში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესსექტორის მხრიდან დადებითად შეფასდა ის რეფორმები, რომელიც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს და ამ ნაბიჯების გადადგმის დროს ბიზნესმენების ჩართულობა იქნება მაქსიმალური.