გიორგი ქადაგიძე - ლარის მეტად გაუფასურებას არავითარ შემთხვევაში აღარ ველოდებით

ლარის მეტად გაუფასურებას აღარ ველოდებით, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

"დღევანდელი მდგომარეობით, მომდევნო პერიოდში ლარის უფრო მეტ გაუფასურებას არავითარ შემთხვევაში არ ველოდებით. ამავე დროს, თუ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გვექნება და საგარეო ფაქტორებმაც ითამაშა თავისი როლი, ლარს ექნება გამყარების ტენდენცია", - განაცხადა ქადაგიძემ.

კითხვაზე, რამდენად იქნება დამოუკიდებელი მისი შემცვლელი, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით საფრთხეებს ვერ ხედავს. "დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ, ამ თვალსაზრისით დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ, კონსენსუსი არის, ერთეული გამონაკლისების გარდა, ვინც ამბობს, რომ ეს პოლიტიკა იყო სწორი, ამიტომ ამ მიმართულებით საფრთხეებს არ ველოდები. რაც შეეხება დამოუკიდებლობის გარანტირებას, ეს არის გარანტირებული კონსტიტუციით და იმ ადამიანებით, ვინც მუშაობს ეროვნულ ბანკში. ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი საკმაოდ კომპლექსურია, რომელშიც ჩართულია პრეზიდენტი, პარლამენტი და ა.შ. ამიტომ მნიშველოვანია ისეთი კანდიდატურა შეირჩეს, ვისაც ბოლომდე ექნება გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც მან უნდა აიღოს", - აღნიშნა ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას.