დისკრიმინაციული ბრძანება, რომელიც მოსახლეობას ორ ნაწილად ჰყოფს

ქალაქ თელავსა და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევს:

2016 წლის 1 აპრილიდან, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის საფასურს 11 თეთრით გაუძვირებს. თუმცა ეს გაძვირება იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც ბუნებრივი აირი სახლებში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიყვანეს. კომპანიის გადაწყვეტილებით, ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი 48-დან 59 თეთრამდე გაძვირდება. ამ გადაწყვეტილების საფუძველი 2007 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული ბრძანება გახდა, რომელსაც ხელს აწერს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური.

„ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა გარდა ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გამოცხადდეს დერეგულირებულად.

ნაწილობრივ დერეგულირებულად გამოცხადდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული ბუნებრივი გაზის მომხმარებელი იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც ბუნებრივ გაზს არ მოიხმარენ სამეწარმეო საქმიანობისთვის, გარდა იმ პირებისა, რომლებისთვისაც ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობა დერეგულირებულ იქნა 2008 წლის 1 აგვისტომდე“, - წერია ბრძანებაში.

თელავში გაზის გაძვირების თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ ქალაქ თელავის მკვიდრი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი ესაუბრა:

„თელაველები სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით: კომპანია „ვისოლ პეტროლიუმმა“ მოსახლეობის ნაწილს იგივე ტარიფი დაუტოვა, ხოლო ნაწილს - გაუძვირა. მე პირადად, გადასახადი არ გამძვირებია, რადგან აბონენტად 2008 წლამდე დავრეგისტრირდი. კახეთში სულ 9 მუნიციპალიტეტია, აქედან „ვისოლ გაზი“ მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტს ემსახურება, დანარჩენებს კი „სოკარი“ ამარაგებს. „სოკარს“ ბუნებრივი აირი არ გაუძვირებია. „ვისოლ გაზშიც“ დავრეკეთ, ენერგეტიკის სამინისტროშიც და გაძვირების მიზეზად სწორედ ეს ბრძანება დაგვისახელეს ანუ კანონი საშუალებას აძლევს კომპანიას ბუნებრივი აირის საფასური თვითნებურად გაზარდოს ან შეამციროს. სხვა შემთხვევაში, მას ამის უფლება არა აქვს. გამოდის, რომ სოციალური უსამართლობის წინაშე დავდექით, რადგან თელავის რაიონის ბევრ სოფელში გაზიფიცირება 2008 წლის შემდეგ მოხდა და ამ ვანდალური ბრძანებით კომპანიას უფლება აქვს ახალ აბონენტებს საფასური შეუცვალოს“.

დერეგულირების წინააღმდეგია ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძე:

"აღნიშნული ბრძანება შეეხო იმათ, ვისი გაზიფიცირებაც ბრძანების გამოცემის შემდეგ მოხდა - ეს ხალხი არ ექვემდებარება რეგულირებას. ასეთი აბონენტი კი საქართველოში ბევრია და კიდევ ბევრი იქნება. მე არაერთხელ დავაყენე ეს საკითხი ახალ ხელისუფლებასთანაც, რომ უნდა აღდგეს რეგულირება, მათ შორის, საწარმოო სფეროშიც, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო ძველი კანონი ძალაში რჩება. მიმაჩნია, რომ რეგულირებას ყველა უნდა დაექვემდებაროს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ბუნებრივ მონოპოლიასთან გვაქვს, ის ყოველთვის ცდილობს პროცესები თავის სასარგებლოდ წარმართოს. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დარგში ბუნებრივი მონოპოლია თითქმის ყველგან არის. სწორედ ამიტომ უნდა რეგულირდებოდეს კომპანიის საქმიანობა, რომ მან მომხმარებელს თავისი პირობები თავზე არ მოახვიოს. ამისთვის არის შექმნილი მარეგულირებელი კომისიაც. სამწუხაროდ, საქართველოში ტარიფის დადგენა ნაწილობრივ დერეგულირებულია და სწორედ ეს იწვევს პრობლემებს. ამ დროს ენერგოკომპანიას შეუძლია ტარიფი თვითონ დაადგინოს. რასაკვირველია, კომპანია ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებს. ამიტომ ყველა აბონენტი უნდა ექვემდებარებოდეს რეგულირებას, გარდა გაზგასამართი სადგურებისა - იქ რეგულირება ვერ მოხერხდება ფასების სწრაფი ცვლილების და სხვა მრავალი მიზეზის გამო“.

აღნიშნულ ბრძანებას დისკრიმინაციულს უწოდებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი თემურ მაისურაძეც.

„სამწუხაროდ, პარლამენტის კომპეტენციაში ბრძანებების განხილვა არ შედის. ბრძანება - ეს არის შიდა რეგულაცია, რომელიც ახალი ბრძანებით უნდა შეიცვალოს. მე არ მესმის, როგორ შეიძლება არსებობდეს ასეთი დისკრიმინაციული ბრძანება, რომელიც ვიღაცის ინტერესებს შელახავს და ვიღაცას პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ეს მე სრულ უკანონობად მიმაჩნია. ამიტომ, დერეგულირების თემა უნდა გახმაურდეს, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს და იმ ადამიანებს ბოდიში უნდა მოუხადოს, ვისაც ეს უსამართლობა შეეხო და შეეხება. ტარიფი უნდა იყოს ტარიფი და თან, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ვფიქრობ, რომ ეს ბრძანება უნდა შეიცვალოს, რადგან მოსახლეობის ასე დაყოფა უსამართლობაა“, - აღნიშნა თემურ მაისურაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე