მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი წყლის გადასახადისგან გათავისუფლდა

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის შუამდგომლობით, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი წყლის გადასახადისგან გათავისუფლდა.

როგორც დედაქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რიმა ბერაძის ძალისხმევით და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, GWP-ის წარმომადგენლებთან, რაიონის გამგებლის მოადგილესთან და ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, ჩიქობავას #29-ში მდებარე მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარს ეწვია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "World Vision - საქართველო" მეურვეობს. მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის დახმარება, მაჟორიტარ დეპუტატსა და თავშესაფრის დირექციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდა და რიმა ბერაძემ წყალმომარაგების კომპანიას შესაბამისი შუამდგომლობით მიმართა. თავის მხრივ, კომპანიის მენეჯმენტმა თავშესაფრისთვის დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, აქციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ჩუღურეთის რაიონის #23-ე და #29-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ერთობლივი აქციის ფარგლებში რიმა ბერაძემ, კომპანიის წარმომადგენლებთან და ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, თავშესაფრის აღსაზრდელებს პირველადი საჭიროების ნივთები, ტანსაცმელი, წიგნები, ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. წყალმომარაგების კომპანიის გადაწყვეტილებით კი თავშესაფარი ერთი წლის განმავლობაში წყლის გადასახადისგან გათავისუფლდა.

გარდა ამისა, სტუმრებმა, თავშესაფრის ხელმძღვანელობასთან ერთად, ცენტრის შენობა დაათვალიერეს და ბავშვების საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს გაეცნენ.

"ბავშვთა ცენტრში 30-მდე მიუსაფარი ბავშვია, რომლებიც აქ ცხოვრობენ და სწავლობენ. გადავწყვიტეთ ცენტრისთვის დახმარება გაგვეწია. სამაჟორიტარო ბიუროს ძალისხმევით საჩუქრები და პირველადი მოხმარების ნივთები შევაგროვეთ. წყალმომარაგების კომპანიის გადაწყვეტილებით კი თავშესაფარი ერთი წლის განმავლობაში დახარჯული წყლის გადასახადისგან გათავისუფლდა. ცენტრის დახმარებას მომავალშიც გავაგრძელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბავშვებს ნორმალური ცხოვრებისა და სწავლის პირობები ჰქონდეთ", - განაცხადა რიმა ბერაძემ.