თბილისის მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილი ერთიანდება

თბილისის მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების ნაწილი გაერთიანდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ამით მოხდება ადმინისტრაციული რესურსების შემცირება.

"იგეგმება ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ების ნაწილის გაერთიანება-შერწყმა, რათა არსებული რესურსები სწორად იყოს მობილიზებული და გადანაწილებული საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, ცვლილებების განხორციელების შედეგად დაზოგილ თანხებს მერია დედაქალაქის განვითარებისთვის მიმართავს.

"ადმინისტრაციული რესურსების შემცირების კუთხით ჩვენ ნაბიჯები გადავდგით 2014 წელს, ასევე 2015 წელს ბიუჯეტში შევიდა ცვლილებები, რითაც დაიზოგა რესურსები, ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ თანხებს დედაქალაქის განვითარებისთვის მივმართავთ", - აღნიშნა თბილისის მერმა.

როგორც ნარმანიამ დასძინა, მაქსიმალურად უნდა იქნას შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსის ოპტიმიზაცია.