მიხეილ სააკაშვილმა მისთვის ხელფასის 263 დოლარამდე გაზრდაზე უარი თქვა

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ამჟამინდელ გუბერნატორს ხელფასი მოემატა.

უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ხელფასი 5 644 გრივნიდან 7 055 გრივნამდე გაეზარდა. დღევანდელი კურსით 7 055 გრივნა 263 დოლარს უდრის.

ხელფასის მატების ფაქტს მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს უსიამოვნო მოულოდნელობა იყო.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინაში ჩინოვნიკებმა თავიანთი შრომის სანაცვლოდ ღირსეული გასამრჯელო უნდა მიიღონ. თუმცა, არც მე და არც ჩემი გუნდი ფულის გამო არ ვმუშაობთ აქ. არამედ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი ჰქონდეს. ხელფასის მატების გადაწყვეტილება ჩემი თანხმობის გარეშე მოხდა. არასდროს მივცემდი საკუთარ თავს ხელფასის მომატების უფლებას მაშინ, როდესაც რიგითი თანამშრომლები გროშების სანაცვლოდ მუშაობენ. მე ვაუქმებ ამ გადაწყვეტილებას და აუცილებლად დავსჯი დამნაშავეებს“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“.