დიმიტრი ქუმსიშვილი - "ვიზეართან" მიღწეული შეთანხმება ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმება "ვიზეარის" გადაწყვეტილებას, ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატების და აღნიშნულ აეროპორტში ავიაკომპანიის მიერ რეგიონში პირველი ბაზის გახსნის თაობაზე.

შესაბამისი განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" გააკეთა, სადაც შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორ ქეთევან ალექსიძესა და ავიაკომპანია "ვიზეარის" კომუნიკაციების დირექტორ დაგ ოლივიერთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.

"ვიზეარის" კომუნიკაციების დირექტორის, დაგ ოლივიერის თქმით კი, მოხარულები არიან, რომ საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

"მიგვაჩნია, რომ თვითმფრინავის ბაზირება და ადგილობრივი კადრების დასაქმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც საქართველოს, ასევე "ვიზეარის" განვითარებაში. ჩვენ გვესმის ხელმისაწვდომი ფრენების აუცილებლობა რაოდენ მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ქუთისიდან ახალი ავიარეისების დამატება და ახალი ბაზის გახსნა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ", - განაცხადა დაგ ოლივიერმა.

თავის მხრივ, შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ აღნიშნა, რომ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ახალი მიმართულებების დამატებას ხშირ შემთხვევაში რამდენიმე წელი სჭირდება, განსაკუთრებით როდესაც საუბარია საჰაერო ხომალდის ბაზირებაზე რომელიმე აეროპორტში. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით ძალიან ბევრ საკითხზე. ეს იყო იმ მიმართულებების შერჩევა, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი, როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის. ყველა მიმართულება, რომელიც შერჩეულია, არის საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულებები",- განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

სექტემბრიდან ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფია. აქამდე ქუთაისიდან "ვიზეარი" ფრენებს ბუდაპეშტის, ვილნიუსის, ვარშავას და კატოვიცეს მიმართულებით ასრულდებდა.

ასევე სექტემბრიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზა იხსნება.