ზურაბ ტყემალაძე – ვიზიარებ გიორგი ქადაგიძის იდეას, რომ გარკვეული სამინისტროების შემცირება უნდა მოხდეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე სამინისტროების რაოდენობის შემცირების თაობაზე ეროვნული ბანკის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პოზიციას იზიარებს.

როგორც ტყემალაძემ განაცხადა, აუცილებელია როგორც სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიცაზია, ასევე გარკვეული თანამდებობების შემცირება პარლამენტში.

"სამწუხაროდ, ბატონი ქადაგიძისთვის არ მისმენია, მაგრამ იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გარკვეული არამარტო სამინისტროების, არამედ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების შემცირება, ვიზიარებ. სამინისტროები, სახელმწიფო სტრუქტურები იმ ძველი მიმართულებების აღარ არის. ისინი პოლიტიკის განმსაზღვრელი არიან და ბუნებრივია, პოლიტიკის განმსაზღვრელ სამინისტროებს უფრო ნაკლები ტვირთი აქვს. გამომდინარე აქედან, ამ მოსაზრებას ვიზიარებ. ჩვენც გვაქვს გარკვეული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სამინისტროების გაერთიანება შეიძლება. აქ არა მარტო სამინისტროებზეა საუბარი - არის მთელი რიგი სამსახურები. რაც მეტი გადავა კერძო სტრუქტურაში, მით უკეთესი იქნება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძეს.

ის, თუ რომელი სამინისტროები და სახელმწიფო სამსახურები შეიძლება დაექვემდებაროს გაერთიანება-ოპტიმიზაციას, ამასთან დაკავშირებით ტყემალაძემ განაცხადა, რომ ვიდრე აღნიშნილ საკითხზე საკუთარ მოსაზრებას კოლეგებსა და კოალიციის პოლიტსაბჭოს არ გაუზიარებს, კონკრეტულ უწყებებს ღიად არ დაასახელებს.

ამასთან, ტყემალაძის აზრით, გარკვეული ოპტიმიზაცია შეიძლება პარლამენტშიც, პოლიტიკური თანამდებობის კუთხით განხორციელდეს.

"ამ მიმართულებით პარლამენტმა ნაბიჯი გადადგა კიდეც. დღესაც ვაკანტურია პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა, რომელზეც მე უარი განვაცხადე. უარი სწორედ ოპტიმიზაციის მიზნით ვთქვი, რადგან ამდენი ვიცე-სპიკერები საჭირო არ იყო და თანხები დაზოგილიყო", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.