თამაზ მეჭიაური – სამინისტროების შემცირებით ბევრი არაფერი შეიცვლება

გარკვეული სამინისტროების გაუქმების თაობაზე ინიციატივა არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლების დროს არ ყოფილა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, რითაც სახელმწიფო უწყებების ოპტიმიზაციის აუცილებლობის თაობაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებას გამოეხმაურა.

მეჭიაურის აზრით, "ამით ბევრი არაფერი შეიცვლება".

"თუ რომელიმე სამინისტრო გაუქმდება და მისი ფუნქციები და საშტატო ერთეულები სხვა უწყების ფარგლებში გადავა, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ქადაგიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"თუ მეკითხებით, სად შეიძლება ბიუროკრატიის შემცირება, გეტყვით, საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა სიპებზე და სტრუქტურებზე. შვეიცარია, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო, უკლებლივ. მაგალითად, შესაძლებელია გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად, გაუქმდეს მაგალითად სასჯელაღსრულების სამინისტრო. ასეთი სამინისტრო არ გვხვდება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. თავის დროზე, მას შემდეგ, რაც პროკურატურა გაერთიანდა იუტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, ამიტომ აუცილებელი გახდა სასჯელაღსრულების გამოყოფა. ახლა კი, როცა პროკურატურა აღარ არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შეგვიძლია სასჯელაღსრულება მთლიანად დავუბრუნოთ იუსტიციის სამინისტროს. სპორტის სამინისტრო მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ და გადავცეთ განათლების ან თავდაცვის სამინისტროს. შეგვიძლია გავაუქმოთ კულტურის სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთია. თავისუფლად არის შესაძლებელი სამინისტროების რიცხვის განახევრება", - განაცხადა ქადაგიძემ.