გიგლა აგულაშვილი - ვფიქრობ, სამინისტროების შიგნითაც არის ოპტიმიზაციის რესურსი და ადგილობრივ თვითმმართველობაშიც

ზოგადად მიდგომა, რომელსაც მე პირადად მხარს ვუჭერ, გულისხმობს ნაკლებ სახელმწიფოს, რაც შეიძლება ნაკლებ ადმინისტრაციას და მეტ თავისუფალ კერძო მეწარმეობას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" განუცხადა.

გარემოს დაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ამდენი სამინისტრო არ სჭირდება. გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს ბევრი რეზერვი და ამ რეზერვის ამოქმედების საშუალება.

"მე ვფიქრობ, რომ ჩემი მოსაზრებისაგან პრემიერის პოზიცია არ განსხვავდება და გარკვეულ დროს, გარკვეულ პირობებში, როდესაც იქნება მომზადებული კონცეპტუალურად ცვლილებები, პრემიერი ამას განაცხადებს კიდეც", - აღნიშნა გარემოს დაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ოპტიმიზაციის რეზერვებს იგი ხედავს სამინისტროების შიგნით.

"რეზერვებს ვხედავ, ეს იქნება სამინისტროები, სამინისტროების შიგნით უფრო ოპტიმიზაცია. ასევე ვფიქრობ, რომ სამინისტროების შიგნითაც არის ოპტიმიზაციის რესურსი, ადგილობრივ თვითმმართველობაში არის რესურსი და ა.შ. ზოგადად მიდგომა, რომელსაც მე პირადად ვუჭერ მხარს, გულისხმობს ნაკლებ სახელმწიფოს, რაც შეიძლება ნაკლებ ადმინისტრაციას და მეტ თავისუფალ კერძო მეწარმეობას, კერძო საქმიანობის წახალისებას", - განაცხადა აგულაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს.