თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს შეუერთდება

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დედაქალაქის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს შეუერთდება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მერიის ინიციატივით გარკვეული რესტრუქტურიზაციის პროცესი მიმდინარეობს.

"დღევანდელი საკითხი უკავშირდება მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ლიკვიდაციას. ეს არის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის შერწყმასთან და კონსოლიდაციასთან, კერძოდ ამ დროისთვის თბილისის მერიის სტრუქტურაში არსებობს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური, არსებობს მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც არის ა(ა)იპ-ი და არსებობს სიპი, რომელიც არის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი. ამ სამ უწყებაში არის გადანაწილებული ეკონომიკური პროფილის პროგრამები. მერიის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს კონსოლიდაცია ერთ უწყებაში და ამ კონსოლიდაციას აქვს თავისი მიზეზები. პირველი ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია, გაერთიანების შედეგად ჩვენ ვიღებთ კარგ შედეგს. მეორე, ეს არის ერთი ვერტიკალის ქვეშ მოქცევა პოლიტიკური მიმართულების პროფილის", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კითხვაზე, სად გააგრძელებს მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე მარგიშვილი საქმიანობას, ლექვინაძე აცხადებს, რომ პერსონალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

"საუბარია სტრუქტურულ ოპტიმიზაციაზე და სტრუქტურული ოპტიმიზაციის ფარგლებში ხდება თბილისის მერიაში ეკონომიკური პროფილის უწყებების ერთ ვერტიკალში მოქცევა. ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს ექნება ახალი სტრუქტურა, სადაც აისახება ის პროგრამები, რომლებიც ჰქონდა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს და ტექნოლოგიების განვითარების ფონდს. ხდება გაერთიანების პროცესი, ეს არ არის ერთი ხელის მოსმით გაუქმება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.