აჭარის მაღალმთიან სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა გვარდება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის პრობლემები გვარდება. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში ფურტიო-ბუთურაული-ნენიის 29 კმ-იანი წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამწლიანი პროექტის ღირებულებაა 4 მილიონ 916.999 ლარი. მაგისტრალის მოყვანა ზღვის დონიდან 1260 მეტრის სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაგვთადან ხორციელდება. წყალსადენით შუახევის მუნიციპალიტეტის (30% მოსახლება) სამი სოფელი ისარგებლებს. პროექტით განხორციელდება წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა რაგვთაში და სასმელი წყლის გამანაწილებელი ავზების მშენებლობა სოფლებში ნენიაში, ფურტიოსა და ბუთურაულში.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, 2016 წელს მაგისტრალის მშენებლობაზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით 2017 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ფურტიოს, ბუთურაულისა და ნენიის მოსახლეობას წყლის პრობლემა მოუგვარდება, რომელიც წლებია აწუხებს. ამ დროისათვის სამუშაოზე 30 ადამიანია დასაქმებული. ამ დროისათვის სოფელ რაქვთას მიმართულებით 5 კმ-იან მონაკვეთზე მიწის გრუნტის დამუშავება მიმდინარეობს", - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

აჭარის მთავრობის ცნობით, 2014 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელდა სოლიხევის ღელედან დაბის მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების პროექტი, რომლის მშენებლობაზე 974647 ლარი დაიხარჯა. დასრულებულია ხაბელაშვილები-ახალდაბის 10,7 კმ წყალსადენის მშენებლობაც, რომლის სამუშაოების შესასრულებლად 700 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარეობს ღომის წყალსადენის მაგისტრალიდან გორხანაულის მოსახლეობაზე (2,5 კმ) წყალსადენის მოყვანის სამუშაოები. 2015 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოეწყო არტეზიული ჭები. მუნიციპალიტეტში მოსახლეობაზე წყლის უზრუნველყოფითი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.