გიორგი კვირიკაშვილი – კარგი ამბავია, რომ ევროპის მიმართულებით ქუთაისიდან 7 ახალი რეისი გვექნება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ავიაკომპანია "ვიზეარის" მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის შვიდ ქალაქში ფრენების განხორციელება ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის კარგია , - ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე, ასევე ქუთაისსა და თბილისში 200 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება.

"კარგი ამბავი არის ის, რომ "ვიზეარმა" გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში, განმტკიცდება კავშირები და ეს ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. ესენია: ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა და სოფია.

ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება, ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი იქნება 39.99 ევრო; ქუთაისი-მიუნხენის რეისები ასევე 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება ფრენა, ორშაბათსა და პარასკევს; ქუთაისი-მილანის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები განხორციელდება ოთხშაბათს და კვირას, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება. ქუთაისი-დორტმუნდის რეისებიც 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები იქნება ოთხშაბათს და კვირას და ფასი 39.99 ევრო.

რაც შეეხება ქუთაისი-სალონიკის რეისებს, დაიწყება 24 სექტემბრიდან, ფრენა განხორციელდება კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი იქნება 29.99 ევრო. ქუთაისი-ლარნაკას რეისები დაიწყება 24 სექტემრბიდან, ფრენებს კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს განახორციელებს და მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო. რაც შეეხება ქუთაისი-სოფიას, ასევე 24 სექტემბერს დაიწყება ავიამიმოსვლა და ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს განხორციელდება, მინინალური ფასი იქნება 29.99 ევრო.