ევროპის ყველაზე ბედნიერი ქალაქები

ევროპის ქვეყნების ცხოვრების ხარისხის მასშტაბურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პატარა ქალაქებში ხალხი თავს უკეთ გრძნობს, ვიდრე დედაქალაქებში.

”ევრობარომეტრის” კვლევის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლებს ჰკითხეს, მოსწონთ თუ არა მათ თავიანთი ქალაქი, კმაყოფილი არიან თუ არა ინფრასტრუქტურით, სატრანსპორტო სისტემითა და ზოგადად, ცხოვრებით.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბედნიერი ხალხი დანიის პატარა ქალაქ ოლბორგში ცხოვრობს, რესპონდენტთა 72%-მა აღნიშნა, რომ ცხოვრებით კმაყოფილი არიან. მათ განსაკუთრებით მოსწონთ ქალაქის ლამაზი სანაპირო, და ის, რომ ქალაქს საკუთარი სიმფონიური ორკესტრი და უნივერსიტეტი გააჩნია. ევროპის მეორე ბედნიერ ქალაქად გამოკითხული დანიელების 67%-მა კოპენჰაგენი დაასახელა. მესამე ადგილზე ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკია. ამ ქალაქს ხმა მოსახლეობის 66%-მა მისცა. ქალაქის მთავარ ღირსებებს შორის მათ საოცარი ბუნება, წყნარი და უსაფრთხო ცხოვრება გამოჰყვეს.

მეოთხე ადგილი ციურიხს - შვეიცარიის ფინანსურ ცენტრს ხვდა წილად. გამოკითხულთა 64%-მა აღნიშნა, რომ ბედნიერია. მეხუთე ადგილზე ავსტრიის ქალაქი გრაცი გავიდა, რომელსაც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ქალაქში რამდენიმე უმსხვილესი სასწავლო დაწესებულებაა, ასევე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი კუნტჰაუსი და სხვა საინტერესო ღირშესანიშნაობა.

ყველაზე ბედნიერი ქალაქების სიაში ასევე ოსლო (ნორვეგია), ვენა (ავსტრია), ბელფასტი (ირლანდია), ანტვერპენი (ბელგია), მალმიო და სტოკჰოლმი (შვედეთი), ესენი და მიუნხენი (გერმანია, კარდიფი, მანჩესტერი და ნიუკასლი (დიდი ბრიტანეთი) და გრონინგერნი, როტერდამი და ამსტერდამი (ნიდერლანდები) დასახელდნენ.

”ევრობარომეტრი” რეგულარულად ატარებს შედარებით კვლევებს სხვადასხვა თემებზე ევროკავშირის ქვეყნებში. გამოკითხვები წელიწადში ორჯერ: გაზაფხულზე და შემოდგომაზე ტარდება. პირველი ”ევრობარომეტრი” 1973 წელს ჩატარდა.

დუდანა ზაქარაია