დავით ნარმანია - ერთ კვირაში თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება

დედაქალაქში გზების ორმოული შეკეთება მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ზამთრის სეზონის შედეგად დაზიანებული გზის საფარის შეკეთება აქტიურად მიმდინარეობს.

"ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად დედაქალაქში გზების ორმოული შეკეთება აქტიურ ფაზაში შედის. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 50-მდე ქუჩაზე ორმოული შეკეთებები დასრულებულია. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 15-მდე ქუჩის ორმოული შეკეთება და უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება დამატებით 25 ობიექტზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება საგზაო საფარის კაპიტალურ შეკეთებას, დედაქალაქის მერის განმარტებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ორ 4 მილიონიან ტენდერზე, რომელთა ფარგლებშიც, კაპიტალურად შეკეთდება მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე დაზიანებული გზები.

"ასევე, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები 6 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში", - აცხადებს ნარმანია.