SICPA - პროდუქტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ფალსიფიცირებული პროდუქტების და ბრენდების პრობლემა თითქმის ყველა ქვეყანაშია.

როცა მაღაზიაში საყვარელი და სანდო ფირმის პროდუქტს ყიდულობთ, იმის გარანტია ყოველთვის არ გაქვთ, რომ ეს სწორედ ისაა, რაც გინდოდათ, მიუხედავად იმისა, რომ შეუიარაღებელი თვალით განსხვავება შეიძლება ვერც შენიშნოთ.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ - სახლში მოგაქვთ “საფერავის“ ბოთლი, რომლის გახსნის შემდეგაც აღმოაჩენთ, რომ ხელში გაურკვეველი წარმომავლობის სითხე შეგრჩათ. დამეთანხმებით, უსიამოვნო შემთხვევაა.

პროდუქტებს ისევე სჭირდება დაცვა, როგორც ცოცხალ არსებებს. ფინანსურ და სხვა მიზეზებს რომ თავი დავანებოთ, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან, რადგან ფალსიფიკატორი თავის თავზე არ იღებს პასუხისმგებლობას და არ გვაძლევს უსაფრთხოების იმ გარანტიას, რასაც ორიგინალური პროდუქტის მწარმოებელი.

სწორედ ამისთვის განვითარდა თანამედროვე სამყაროში უსაფრთხოების ისეთი განსაკუთრებული მექანიზმები, როგორიცაა პროდუქტების დამცავი ეტიკეტები, ონლაინ აპლიკაციები პროდუქტის ავთენტურობის გადასამოწმებლად და სხვა.

დამცავი ეტიკეტებით პროდუქტის მარკირებას უკვე მრავალი მეწარმე ეწევა. იტალიის ერთ-ერთ ულამაზეს ავტონომიურ რეგიონში, ვალე დ’აოსტაში წარმოებული ხორცის პროდუქტების, ღვინოებისა და სხვადასხვა სახეობის ყველის მწარმოებელი ადგილობრივი მეწარმეები ავთენტურობის, კონტროლისა და უსაფრთხოების სერვისების მომწოდებელი შვეიცარული ფირმის - „სიქპას“ (SICPA) მომსახურებით სარგებლობენ. ამ რეგიონის ხორცპროდუქტები, ღვინო და ყველის ნაწარმი სიკპას დამცავი ეტიკეტებით იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მყიდველი პროდუქტის ავთენტურობაში დარწმუნებული იქნება.

bpn

„სიქპას“ დამცავი ეტიკეტები უსაფრთხოების ვიზუალურ და ფიცრულ ელემენტებს აერთიანებს. ვიზუალური ელემენტები ეტიკეტზე ფენებად დატანებული სხვადასხვა ფერის მელანია. ამ მელნის მეშვეობით ეტიკეტი სხვადასხვა რაკურსიდან შეხედვისას სხვადასხვა ფერს იღებს. ეტიკეტზე უხილავი მელანიცაა დატანებული, რომელიც მხოლოდ ელექტრონული ხელსაწყოების მეშვეობით ჩანს. რაც შეეხება ციფრულ ელემენტს - ეტიკეტის ერთ კიდეზე კონტროლის სისტემაში აღრიცხული უნიკალური QR კოდი აქვს დატანებული. ამ კოდით, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით კლიენტს ციფრულ საინფორმაციო ბაზაში შეუძლია როგორც პროდუქტის წარმომავლობის და ავთენტურობის გადამოწმება, ისე დეტალური ინფორმაციის მიღება მასზე.

დამცავი ეტიკეტი მწარმოებლისთვის მხოლოდ მისი პროდუქტის ფალსიფიკაციისგან დასაცავი საშუალება კი არა, ეფექტური მარკეტინგული ხერხიცაა. ვალე დ’აოსტას ცნობილი დამარილებული, სუნელებიანი ღორის შაშხის „ლარდოს’ მწარმოებელი ფირმის ხელმძღვანელს, რაფაელე ფერარის მიაჩნია, რომ ეტიკეტმა შეუდარებლად გააიოლა მყიდველამდე „ლარდოს“ მდიდარი ისტორიის მიტანა:

„ჩვენი პროდუქტის ისტორია შუასაუკუნეებიდან, მეთხუთმეტე საუკუნიდან იწყება. ამ ეტიკეტისა და მისი აპლიკაციის მეშვეობით ახლა ეს ინფორმაცია თავისუფლად მიგვაქვს კლიენტამდე“, - ამბობს რაფაელე ფერარი.

იმავე აზრზეა ღვინის მწარმოებელი ცნობილი ესპანური კომპანიის, Bodega pago del vicario-ს ტექნიკური დირექტორი, ენოლოგი სუზანა ლოპეზ მენდიონდო:

„პაგო დელ ვიკარიოს ტოლედოს მთების ფერდობებზე ყურძნის ცხრა ჯიში მოჰყავს, რაც საშუალებას გვაძლევს საუცხოო ბუკეტის და უნიკალური არომატის მქონე ღვინის მრავალი სახეობა ვაწარმოოთ, კლიენტების ინდივიდუალური გემოვნების დასაკმაყოფილებლად. ეტიკეტი საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ კლიენტის გახსნილ ბოთლში სწორედ ჩვენს მარანში ჩამოსხმული ღვინო ასხია. გარდა ამისა, ეს ეფექტური მარკეტინგული სვლაა - სიკპას ეტიკეტი მკვეთრად გამოარჩევს ჩვენს პროდუქტს თაროებზე მდგარი სხვა ღვინის ბოთლებისგან, რაც საბოლოოდ გაყიდვების რაოდენობაზე აისახება“.

თუმცა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჯერ კიდევ უამრავი პროდუქტი იყიდება დამცავი ეტიკეტის გარეშე. სწორედ ამიტომ მეწარმისადმი ნდობის მიუხედავად, ვერასოდეს ვიქნებით დარწმუნებულები მათ ნამდვილობაში. დამცავი ეტიკეტი ჯერჯერობით ერთადერთი საშუალებაა, რომელიც პროდუქტის უნიკალური დოკუმენტის - პირადობის მოწმობის როლს ასრულებს და მისი გაყალბებისგან დაცვის და ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნების გარანტიას იძლევა.