მიხეილ მაჭავარიანი – ჩვენ ზოგიერთი სამინისტრო არსებული გამოწვევების გამო შევქმენით, მაგრამ დავაფიცეთ "ქართულ ოცნებას", მათი მოდერნიზაცია არ მოახდინოს?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი გარკვეული სამინისტროების გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას ეთანხმება.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, რამდენიმე სამინისტრომ ამოწურა თავისი ფუნქცია-მოვალეობები და შესაბამისად, მათი გაუქმება მიზანშეწონილი იქნება.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ეს სამინისტროები ყოფილმა ხელისუფლებამ არსებული გამოწვევების და კონკრეტული მიზნების შესასრულებად შექმნა.

"ნაციონალური მოძრაობის მოსვლის დროს სხვა გამოწვევები იყო. ჩვენ კონსტიტუციაში ხომ არ ჩავწერეთ, ამდენი სამინისტრო უნდა იყოსო? ვინმემ უთხრა, რომ არ შეამციროთო? იყო გამოწვევები და ამ გამოწვევებს სჭირდებოდა პასუხები. ახლა აღარ არის ეს გამოწვევები - ყველა დროს თავისი გამოწვევა აქვს. რაღაც პერიოდის წინ ამა თუ იმ სამინისტროს შექმნა იყო გამართლებული. თუ სამინისტროს ფუნქციონირებამ თავისი თავი ამოწურა, არ უნდა იყოს "ათადან და ბაბადან". მუდმივად უნდა უბრუნდებოდეს ხელისუფლება ამ თემას. სამინისტრო იქმნება კონკრეტული მიზნისთვის და როდესაც ეს ამოცანა შესრულებულია, უნდა გაუქმდეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მან კონკრეტული სამინისტროებიც დაასახელა, რომლებიც, მისი აზრით, უნდა გაუქმდეს.

"ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო შეიქმნა იმიტომ, რომ საჭირო იყო ასეთი სტრუქტურა და ეს პოლიტიკური სიგნალი იყო. ახლა საჭიროა? ჩვენ ხომ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება? - ამ ფუნქციის შესრულება ხომ შეუძლია საგარეო საქმეთა სამინისტროს და გვჭირდება კიდევ ერთი სამინისტრო? შერიგების სამინისტროს ეფექტი არავინ იცის ბოლო დროს. ასევე, გინდა გქონია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გინდა არა. "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ჩაიბარა სამინისტროები და იძახის "ნაციონალებმა" დაგვიტოვესო. დავაფიცეთ სადმე, კონსტიტუციაში ჩავუწერეთ თუ რა პრობლემაა, რომ მოდერნიზაცია მოხდეს ამ სამინისტროების? ჯერ კიდევ 2012 წელს ვსაუბრობდით, რომ ენერგეტიკის სამინისტრო იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, არ უნდა იყოს შენარჩუნებული. ვიფიქრებდი სპორტის სამინისტროს ცვლილებებზეც. ასევე, იგივეს ვიფიქრებდი კულტურის სამინისტროსთან მიმართებაში. იმ სამინისტროებს, რომლებმაც ამოწურეს თავისი ფუნქცია, აბსოლუტურად შესაძლებელია შეველიოთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მუშა-მოსამსახურეების ხარჯზე", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა შემცირდეს ადმინისტრაციული ხარჯები.

"მე ვეთანხმები იმას, რომ ადმინისტრაციული ხარჯები შესამცირებელია. 400-500 მილიონი ლარით ადმინისტრაციული ხარჯები ჯერ კიდევ 2015 წლის ბიუჯეტში იყო შესამცირებელი. ბიუჯეტის დამტკიცების დროსაც ვამბობდით, რომ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით არის შესაძლებელი ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. მაგალითად, შესაძლებელია ისეთი უაზრო ხარჯის შემცირება როგორიც არის პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს ხარჯები, რომელიც ბოლოს როდის შეიკრიბა არავინ იცის", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს. ამის შესახებ ქადაგიძემ განცხადება გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.