თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება გვსურს

თურქეთსა და საქართველოს შორის მარტში ან აპრილში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგა, მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ჩამოყალიბება.

"ჩვენი პრემიერები დავოსში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც შეთანხმდნენ, რომ მარტში ან აპრილში სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ამის კოორდინაციას ჩვენ, საგარეო საქმეთა მინისტრები გავუწევთ. გვინდა, რომ ეს იყოს ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, საქართველოს და თურქეთს ძალიან ბევრი ხელშეკრულების პროექტი აქვს, რომელიც დასასრულებელი და ხელმოსაწერია.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მათ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება სურთ და ასევე, საქართველოდან თურქეთში ექსპორტის გაზრდა და ამაში ქართულ მხარეს მხარდაჭერას პირდებიან.

"ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ბევრი პროექტი გვაკავშირებს. ეს არის ბათუმის აეროპორტი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზსადენები. ამ წლის ბოლოს ასევე ექსპლუატაციაში შევა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი და ამ მაგისტრალზე სამუშაოები ჩვენს გამო შეფერხდა, რადგან ჩვენთან გარკვეული იურიდიული პროცედურები იყო მოსაგვარებელი. კერძოდ, იყვნენ გარკვეული ფირმები, რომლებმაც სასამართლოში შეიტანეს სარჩელები, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარდა და ძალიან მალე დასრულდება ეს პროექტი", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი. ასევე რეგიონულ საკითხებსაც შეეხნენ.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო თურქეთისთვის სტრატეგიული პარტნიორია.