მაზნიაშვილის N33-ში ახალი სკვერი მოეწყობა

ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე მაზნიაშვილის N33-ში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა და აღნიშნული მისამართის მიმდებარედ არსებული სკვერის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო.

"მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გამგეობის მიერ მომზადდა ახალი სკვერის მოწყობის პროექტი, რომელიც გავაცანით მოქალაქეებს. მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა ქალაქის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში. უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე და ქალაქს კიდევ ერთი სკვერი შეემატება", - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, სკვერში განთავსდება ახალი სკამები და ნაგვის ურნები, დამონტაჟდება განათება, მოეწყობა სავალი ბილიკები.

ჩუღურეთის რაიონში 2016 წლისთვის დაგეგმილია არსებული 30 სკვერის რეაბილიტაცია და 4 ახალის სკვერის მოწყობა.