დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსის და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსის და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა.

"პროექტი სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრო-მომარაგების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი გაკეთდება. გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების ღირებულება ერთი მლნ ლარია. პროექტის ფარგლებში 30-მდე ადამიანია დასაქმებული", - აცხადებენ სამინისტროში.