მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საბანკო სექტორზეც გავრცელდება

მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საბანკო სექტორზეც გავრცელდება. საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ეს შეთანხმება დღეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე შედგა.

"პრემიერთან შევთანხმდით, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი გავრცელდება ყველაზე, ანუ არ იქნება გამოკლებული არცერთი სექტორი, მათ შორის საბანკო სექტორი. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. შეიძლება იყოს კონკრეტული საკითხი და თემა, ბანკებთან მიმართებაში როგორ იქნება გადასახადი გადახდილი, მაგრამ ზოგადად კანონში ეს აისახება", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები დაიწყო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.

"მიმაჩნია, თუ პრემიერი შემოთავაზებებს შეასრულებს, ჩვენ მივიღებთ სხვა საქართველოს, სხვა შედეგებს, სხვა ეკონომიკას. ეს არ მოხდება ერთ და ექვს თვეში, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში შეიძლება საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგას", - დასძინა ჭირაქაძემ.