ბრუნო ბალვანერა - არსებობს უამრავი კარგი იდეა და საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ მათი განხორციელება ხდება სწორად

სპეციალური სამსახური, რომელიც სამინისტროების მიერ პროექტების განხორციელების გასაკონტროლებლად შეიქმნება, იქნება ახალი მექანიზმი იმისთვის, რომ უწყებების ანგარიშვალდებულება იქნას უზრუნველყოფილი.

ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ საინვესტიციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია რამდენიმე საკითხზე აკეთებს აქცენტს და ერთ-ერთია იმპლემენტაციის საკითხი, ასევე ის საკითხი, თუ როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გადაწყვეტილებები, რომელსაც ის იღებს, სამინისტროების მიერ სათანადოდ შესრულდება. არსებობს უამრავი კარგი იდეა და საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ მათი განხორციელება ხდება სწორად. ეს არის ახალი მექანიზმი იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მათი ანგარიშვალდებულება", - აღნიშნა ბალვანერამ.

მან საინვესტიციო საბჭოს შეხვედრაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ქვეყანას ახალ ეკონომიკურ პლატფორმაზე გადასვლაში დაეხმარება.

"თქვენ იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როდესაც ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა, საინვესტიციო საბჭოს აქტიური მხარდამჭერი იყო. დღეს ჩვენ მასთან პირველი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ არაერთი საკითხი განვიხილეთ. ეს იყო ძალიან ღია და კონსტრუქციული საუბარი არაერთ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შესახებ. ვფიქრობ, ძალიან ძლიერი კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება ეს ახალი ინიციატივა ქვეყნისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ის ქვეყნის ახალ ეკონომიკურ პლატფორმაზე გადასვლისთვის", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა.

სპეციალური სამსახური, რომელიც სამინისტროებისა თუ სააგენტოების მიერ პროექტების შესრულებას გააკონტროლებს, უახლოეს დღეებში შეიქმნება.

შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული სამსახური მმართველობის რეფორმის ფარგლებში ამოქმედდება და ის პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეიქმნება.

"დღის წესრიგში გათვალისწინებულია მმართველობის ამომწურავი რეფორმაც, რომელიც მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას გულისხმობს. ეს ოფისი ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს. ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმა. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.