გიორგი გახარიას შეფასებით, მთავრობაში არსებული განწყობა აშკარად პრობიზნესურია

ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას შეფასებით, მთავრობაში არსებული განწყობა აშკარად პრობიზნესურია. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს საინვესტიციო საბჭოს სხდომის დასრულებისას, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

"თემები, რომლებიც დღეს ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში დადგა, ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოდ, უკვე წარდგენილია პარლამენტში. ეს ის თემებია, რომლებზეც წელიწადნახევარი ვმუშაობდით. მინდა მივანიშნო, რომ ეს უკვე აჩვენებს იმ კარდინალურ ცვლილებებს, რომლებიც ხორციელდება ბიზნესსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება ბევრს არაფერს მოგვცემს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია. მთავარია ის განწყობა, რომელიც მთავრობაში არის, რომელიც აშკარად პრობიზნესურია და ბიზნესის მხარდაჭერისკენ არის მიმართული", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, როგორც პირველი ნაბიჯი საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწის ნაწილში, ძალიან სერიოზული პროგრესია. გახარია, ასევე, დარწმუნებულია, რომ სხვა არაერთი ინიციატივა განხორციელდება, რომელიც საინვესტიციო საბჭოს აქვს.

"შემდეგი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ, შემოწმების დროში რეგლამენტირების თემა იქნება", - დასძინა გახარიამ.