ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პრემიერ-მინისტრი თვითონ ბიზნესიდან არის წამოსული და ძალიან კარგად ხედავს, რა სტკივა და რა სჭირდება ბიზნესს, - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მარიამ მეღვინეთუხუცესის თქმით, შეხვედრაზე ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში 4 სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლებიც სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით იმუშავებენ.

"პრაქტიკულად ყველა წინადადებაზე, რომელიც დაყენებული იყო განსახილველად ბიზნესის მხრიდან, დღეს გვაქვს კონკრეტული გამოხმაურება კანონპროექტების სახით. მე კმაყოფილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ამ შეხვედრის შედეგად 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნება ბიზნესის მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფები რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე შეიქმნება. პირველი, რაზეც ვიმუშავებთ სახელმწიფოსთან, არის საგადასახადო ადმინისტრირების თემები და შევხედავთ, ესტონური მოდელი როგორ ინერგება. გვექნება ორი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ეკონომიკის სამინისტროში. ასევე, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა თემა უნდა განვიხილოთ ინვესტორთა საბჭოს მომავალ შეხვედრაზე. ეს იქნება უკვე სასამართლო რეფორმის სტატუსი, შევხედავთ იმ მექანიზმებს, რომლის მეშვეობითაც სასამართლოებმა შესაძლებელია, რომ უფრო მეტი რაოდენობის საქმეები განიხილონ უფრო ნაკლებ დროში და ა.შ.", - განაცხადა მეღვინეთუხუცესმა.

მისივე თქმით, ინვესტორთა საბჭო რეალურად არის კომუნიკაციის პლატფორმა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, თუმცა კომუნიკაციის პრობლემა დღევანდელ ხელისუფლებასთან არ არსებობს. მარიამ მეღვინეთუხუცესის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს მორიგი სხდომა, დაახლოებით 6-8 კვირაში გაიმართება.