დიმიტრი ქუმსიშვილი - ყაზახური მხარე ბათუმის პორტში და ნავთობტერმინალში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

ყაზახური მხარე როგორც ბათუმის პორტში, ასევე ნავთობტერმინალში ინვესტიციების განხორციელებას და ტექნოლოგიურ გაუმჯობესებს გეგმავს , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ყაზახეთის ვიცე პრემიერი, ბაკიტჟან საგინტაევი ესწრებოდა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე საუბარი გაიმართა, ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი იყო.

"ჩვენ მივიღეთ მყარი გარანტიები იმისა, რომ ყაზახური მხარე არ აპირებს, არ ფიქრობს ამ ინვესტიციიდან გასვლას. პირიქით, მათ დაგეგმილი აქვთ ინვესტიციების განხორციელება და ტექნოლოგიური გაუმჯობესებები როგორც პორტში, ასევე ნავთობტერმინალში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ დააყენა საკითხი, რომ ყაზახურმა ტვირთებმა ეს კორიდორი აუცილებლად უნდა გაიარონ.

"ჩვენ, ჩვენი მხრივ დავაყენეთ საკითხი, რომ ყაზახურმა ტვირთებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ეს კორიდორი და უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ყაზახური ტვირთი მოზიდული აღნიშნულ კორიდორში", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.