გიორგი კვირიკაშვილმა და ყაზახეთის პირველმა ვიცე პრემიერმა თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის პირველ ვიცე-პრემიერს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, ბათუმის პორტის დატვირთვის ზრდა და თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნება იყო.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერის სპეციალური ვიზიტი საქართველოში, დავოსში საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას დაიგეგმა.

"ვისაუბრეთ მეტი ყაზახური ტვირთის მოზიდვისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გზებზე; თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე, ასევე იმ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოტენციალი ავითვისოთ. ისინი, საქართველოსთან მიმართებაში, ემოციურად ძალიან დადებითად არიან განწყობილნი და ეს დადებითი განწყობა ჩვენ ახალ ინვესტიციებად უნდა ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

ბაკიტჟან საგინტაევის განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს ბათუმის პორტსა და "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებული საკითხები. როგორც ყაზახეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, "ყაზტრანსგაზის" თემაზე ყაზახეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.