ტყიბულში გაფიცულმა მაღაროელებმა ადმინისტრაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

მინდელის სახელობის მაღაროს გაფიცულ თანამშრომლებთან ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

"გავიგე, რომ ითხოვდით ჩემთან შეხვედრას. ასევე მივიღე თქვენგან წერილობითი თხოვნა შეხვედრის შესახებ და მოვედი თქვენთან შესახვედრად", - მიმართა ელისო ჩაფიძემ მაღაროელებს.

ელისო ჩაფიძე მაღაროელებთან ერთად "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" გენერალურ დირექტორს ვახტანგ ჩხეიძეს და ადმინისტრაციას შეხვდა. შეხვედრაზე ელისო ჩაფიძემ მაღაროელების მოთხოვნებზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მაღაროელებმა განაცხადეს, მათ შორის ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხდა. დირექტორმა მაღაროელებს მოუწოდა, შახტაში სამუშაოდ წასულიყვნენ, რადგან შახტის გაჩერებით ზარალდება როგორც კომპანია, ასევე რაიონი, ასევე აუცილებელია კონტრაქტორს დროულად მიეწოდოს მოპოვებული ნახშირი.

მაღაროელების მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.