IDFI - კორუფციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტრუქტურების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა

IDFI მიიჩნევს, რომ კორუფციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტრუქტურების მაქსიმალური ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ანტიკორუფციული სტრატეგიების შემუშავებაზე კვლევა ჩაატარა, რომელიც რეკომენდაციებსაც მოიცავს.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტური იმპლემენტაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა ანტიკორუფციულ საბჭოს საქმიანობაში და ადგილობრივ დონეზე ანტიკორუფციული ღონისძიებების დაგეგმვის მხარდაჭერა. სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს - ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაძლიერება.

"მიუხედავად სტრატეგიის მიზნისა, ცალსახაა, რომ თვითმმართველ ორგანოებში კორუფცია სტრუქტურულ პრობლემას წარმოადგენს, საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში დღემდე არ არის განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობებში კორუფციული რისკების პრევენციის საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობები არ არიან ჩართული არც საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობაში.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" კვლევა მოამზადა, რათა სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, მიმოხილულ იქნას თვითმმართველობების მონაწილეობის საკითხები კორუფციის პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტებში და თვითმმართველობებში მოხდეს ღიაობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დანერგვის, სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფისა და კორუფციის პრევენციის მიზნით ქმედითი მექანიზმების დანერგვა და აქტიური პოლიტიკის გატარება.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:

სახელწიფოებში, სადაც კორუფციის დონე დაბალია (დანია, ახალი ზელანდია, ფინეთი, შვედეთი, ა.შ.) არ არსებობს ანტიკორუფციული სტრატეგიების შემუშავების საჭიროება, ხოლო სახელმწიფოებში, სადაც კორუფციის შედარებით მაღალი დონე აღინიშნება (კენია) ანტიკორუფციული სტრატეგია სახელმწიფო დოკუმენტს წარმოადგენს და თვითმმართველობებისთვის მრავალ ინიციატივას ითვალისწინებს.

ფაქტობრივად ყველა სახელმწიფოში გვხვდება ანტიკორუფციული კომისია ან მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ინსტიტუტი, რომელიც ეროვნული მასშტაბით ახორციელებს ანტიკორუფციულ საქმიანობას, კორუფციის ფაქტებზე მონაცემების შეგროვებასა და დაკვირვებას.

სახელმწიფოებში კორუფციის დონის მიხედვით ინიციატივები მნიშვნელოვნად განსახვავებულია, თუმცა იკვეთება ინიციატივები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გავრცელებული ანტიკორუფციული მექანიზმებია და თვითმმართველობებისთვის შემუშავებული სამოქმედო გეგმების 90%-ში არის წარმოდგენილი, კერძოდ: მექანიზმები, რომელთა მიზანია საჯარო სექტორში ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა; ეთიკის კოდექსის დანერგვა; საჯარო მოხელეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ანტიკორუფციულ საკითხებზე; სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა ანტიკორუფციულ საქმიანობაში და ამ მიზნით შესაბამისი ლიტერატურის გავრცელება, საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, ტრენინგები, პრეზენტაციები; საჯარო მოხელეთა ქონების დეკლარირება.

ვხვდებით ტექნოლოგიებზე დამყარებულ ინოვაციურ პრაქტიკას: რიგ ქვეყნებში დანერგილია ანტიკორუფციული ცხელი ხაზის მექანიზმი (ნიდერლანდების სამეფო, მოლდოვა, იორდანია, სინგაპური), როდესაც საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდზე თუ სატელეფონო ხაზის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ, როგორც კორუფციის ფაქტების შეტყობინება, ისე ამგვარ შემთხვევებზე ინფორმაციის მიღება. ასევე, ვხვდებით მზა ტესტებს, რომელიც ამოწმებს და ამაღლებს ანტიკორუფციულ ცოდნას (სინგაპური, მოლდოვა) და ინტერაქტიულ თამაშებს ბავშვებისთვის (სინგაპური) და ხელს უწყობს ბავშვებში მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარებას.

შესაბამისად, IDFI მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების ეფექტური ფუნქციონირებისა და კორუფციის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სტრუქტურების მაქსიმალური ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა, ისევე როგორც საჯარო მოხელეების, ცნობიერების ამაღლება კორუფციით გამოწვეული ზიანისა და პრევენციის მეთოდებზე. აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადგილობრივ დონეზე უზრუნველყოფილი იყოს კორუფციის პრევენციის ისეთი საბაზისო მექანიზმები, როგორიც არის: საჯარო მოხელეთა ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრა, ეთიკის კოდექსის დანერგვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ანტიკორუფციულ საქმიანობაში, საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების გამართვა, ტესტირების პრაქტიკის გამოყენება, ცხელი ხაზის არსებობა, კორუფციული შემთხვევებისა და ეთიკური გადაცდომების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება; მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული მოხელეების პროფესიული უნარების გაზრდა და სხვა", - ნათქვამია კვლევაში.