მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ე.წ.თეთრ სიაში მოხვედრის შესაძლებლობა იზრდება

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის პირველი მარტიდან ე.წ. თეთრ სიაში მოხვედრის შესაძლებლობა იზრდება , - ამის შესახებ დღეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, სადაც სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის ე.წ. თეთრი სიის წარმოების ახალი წესები გააცნო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტომ შეიმუშავა "თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი, რომლითაც "თეთრ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვნად იცვლება.

ლევან რაზმაძის თქმით, არსებული რეგულაციებით, მეწარმე სუბიექტს "თეთრ სიაში" მოსახვედრად, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ბოლო სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ბრუნვა უნდა ჰქონოდა.

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება რამდენიმე ასეული მეწარმე, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთი მილიონი ლარის ბრუნვა, თუმცა წლების განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებს ყოველგვარი შეფერხებისა და ჩავარდნის გარეშე კეთილსინდისიერად ასრულებდნენ.

"ჩვენ მცირე მეწარმეთა დახმარების კუთხით გადავწყვიტეთ, რომ კრიტერიუმები დაგვემატებინა და ამ კრიტერიუმების მიხედვით სხვა კომპანიებსაც შეძლებოდათ "თეთრ სიაში" მოხვედრა. ამ ახალი კრიტერიუმის მიხედვით, ერთი მილიონი ლარის ბრუნვა რჩება. ამას გარდა, კომპანიას სამი წლის განმავლობაში 30 შესრულებული ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს, მათ შორის წლის განმავლობაში მინიმუმ 10, რათა მათი აქტივობა ჩანდეს. წარმატებით შესრულებული 30 ხელშეკრულება უკვე მცირე მეწარმეებსაც აძლევს საშუალებას, 5 000 ლარის ხელშეკრულებითაც მოხვდნენ "თეთრ სიაში". გარდა იმისა, რომ ეს კომპანიები წარმატებულთა სიაში იქნებიან, მათ საშუალება ეძლევათ, ხელშეკრულების შესრულებისთვის გარანტია ნახევარი წარადგინონ, ანუ მათ ბანკებთან ურთიერთობა უფრო გაუადვილდებათ და ის საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ართმევენ მათ ამ გარანტიის გაცემაში, განახევრდება. ასევე, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში ავანსი იქნება გათვალისწინებული, მათ შეუძლიათ ავანსის ნახევარი გარანტია წარადგინონ. ესეც დიდი შეღავათია, თუ დავთვლით სახელმწიფო შესყიდვებში წლის განმავლობაში მათი მონაწილეობის ოდენობას და შემდეგ დავთვლით იმ სარგებელს, რაც ბანკებთან ურთიერთობაში ამ საპროცენტო განაკვეთიდან მიიღებენ. ეს საკმაოდ სოლიდური თანხებია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე მილიონებს ეხება", - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ე.წ. თეთრ სიაში 150 კომპანიაა რეგისტირებული. რეგისტრაციის ვადა კომპანიებისთვის ერთწლიანია და პერიოდულად ეს სია განახლებას განიცდის. ლევან რაზმაძე ახალი წესის შემოღების შემთხვევაში კომპანიათა რიცხვის გაორმაგებას არ გამორიცხავს.