"აფბა" აფხაზეთის ენერგომომარაგების პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმაურება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - "აფბა", ბოლო დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე ენერგომომარაგების პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმაურება.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, "აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება".

"აფბას" ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიის ელექტრომომარაგება ძალიან ქაოტურად ხორციელდება.

"აფხაზურ მხარეს ენგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი უფასოდ მიაქვს. რა თქმა უნდა, ენგურჰესის ექსპლუატაციას საკმაო ხარჯები სჭირდება და შესაბამისად ჰესის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა საქართველოს მოსახლეობას და სახელმწიფო ბიუჯეტს უწევს. ბუნებრივია ასეთი პრეფერენცირებული სახით, აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან, გარკვეულწილად პოლიტიკური მოტივებით ხდება და წმინდა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით სრულიად გაუმართლებელია", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

"აფბას" ანალიტიკოსის აზრით, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება ადგილობრივი მოსახლეობის გამრიცხველიანებასა და ენგურჰესის ეფექტიანად მართვით არის შესაძლებელი.

"აფხაზეთის ენერგომომარაგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ მოსახლეობა არ არის გამრიცხველიანებული. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას უყაირათოდ ხარჯავს, რაც ერთი-ორად ზრდის ენერგიის მოხმარების დონეს. რაც შეეხება ენგურჰესს, ის საქართველოს ენერგომომარაგების ნაწილში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია და ენგურის გამომუშავებულ ენერგიას გარდამტეხი როლის შეტანა შეუძლია ქვეყნის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში. როგორც ვიცით, ნებისმიერი თეორია და პრაქტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფო არ არის ეფექტური მენეჯერი და სახელმწიფოს საქმე არ არის ბიზნესის კეთება. აქედან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ სახელმწიფო, ენგურის ჰიდროელექტროსადგურს ეფექტიანი მართვისთვის ნეიტრალურ კომპანიას გადასცემს, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ჰესის ტექნიკურად და ეკონომიკურად მომგებიანად მართვას და მეორე მხრივ გამორიცხავს ჰიდროელექტროსადგურის პოლიტიკური მოტივებით ოპერირებას. ამასთან, ენგურჰესის, ავტორიტეტული კომპანიისთვის, ეფექტურ მართვაში გადაცემა, თბილისსა და სოხუმს შორის ჰესის ირგვლივ ყველა სადავო საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ სწორად განისაზღვროს მმართველი კომპანიის ვალდებულებები.

"თუ ენგურის მართვაში ნაკლებად იქნება სახელმწიფოს ჩართულობა და ჰესის ექსპლუატაცია მოხდება ეკონომიკურად და ფინანსურად გამართლებული მეთოდებით, ენგურს გაცილებით დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეეძლება საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ნაწილში", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.