საქართველოში ყავის ახალი საწარმო გაიხსნება

კომპანია BB COMPANY-მ ყავის საწარმოს მშენებლობა დაასრულა.

კომპანია პროდუქციის რეალიზებას გაზაფხულის ბოლოდან დაიწყებს და პირველ ეტაპზე აქცენტს ადგილობრივ ბაზარზე გაკეთებს. საწარმოს ფინანსური მენეჯერი ამირან გოგიტიძე "ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში ყავა ექსპორტზე არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, არამედ ევროპაშიც გავიდეს.

"ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა, იტალიური დანადგარები იმის საშუალებას იძლევა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოვუშვათ. საწარმო მთლიანად ავტომატიზირებულია. შესაფუთი მასალაც ევროპიდან შემოგვაქვს”, - აღნიშნავს გოგიტიძე.

მისი თქმით, კომპანია პირველ ეტაპზე გათვლას საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე სეგმენტზე აკეთებს. ჯერჯერობით უცნობია ყავის ბრენდული დასახელება. როგოც ამირან გოგიტიძე აცხადებს, მარკეტინგულ ჯგუფს საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია.

საწარმო დიღომში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და ახლო მომავალში მასში სავარაუდოდ 50 ადამიანი დასაქმდება.

ყავის ქარხანამ "აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში ბანკისგან შეღავათიანი სესხი მიიღო. ჯამური ინვესტიცია 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე