შშმ პირთა ადაპტირების კიდევ ერთი პროექტი დაფინანსდა

სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური და საკრებულოს წევრი რატი იონათამიშვილი ვარკეთილის 3 "ა" მიკრორაიონის 317-ე კორპუსის მოსახლეობას შეხვდნენ და შენობის პანდუსით უზრუნველყოფის დაფინანსების გადაწყვეტილების შესახებ ბრძანება ადგილზე გააცნეს.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, პანდუსი სტანდარტების სრული დაცვით დამონტაჟდება. ზემოხსენებული ბრძანების თანახმად, აღნიშნულ მისამართზე კორპუსის პანდუსით უზრუნველყოფის ხარჯების 99%-ს სამგორის გამგეობა დააფინანსებს, რაც 26 329,30 ლარს შეადგენს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი ამხანაგობის წევრთა განცხადების შესწავლის საფუძველზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

"ჩვენ ვალდებული ვართ, მოსახლეობის ნებისმიერი განცხადება დროულად და საფუძვლიანად განვიხილოთ, შევისწავლოთ, გავეცნოთ პრობლემატიკას და კანონის ფარგლებში, მაქსიმალურად ეფექტური დახმარება აღმოვუჩინოთ, მით უმეტეს, თუკი საქმე შშმ პირთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას ეხება, ეს ყველა ჩვენგანის ვალია", - აღნიშნა სამგორის რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა.

"მისასალმებელია, რომ დღეს ადგილობრივი ხელისუფლება ორიენტირებულია, რათა შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობები იყოს უზრუნველყოფილი, იქნება ეს საცხოვრებელი კორპუსებისა თუ დაწესებულებების პანდუსებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის აქციები, სპორტული აქტივობები თუ ასე შემდეგ", – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.