ჩოხატაურის მცხოვრებლები განახლებული ნაგავსაყრელით ისარგებლებენ

ჩოხატაურში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულებულია. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რეაბილიტირებული პოლიგონი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის რეგიონის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

ნაგავსაყრელი, რომელიც 11 970.00 კვ.მ ფართობს მოიცავს, ჩოხატაურისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პროექტის ფარგლებში მოეწყო ობიექტის შიდა გზები, მოხდა ტერიტორიის შემოღობვა და ელექტროფიცირება. ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, ასევე დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები, მოეწყო წყლისაგან დამცავი ქვანაყარი ბერმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 325 180 ლარი შეადგინა.