"თეთრი სიის" წარმოების ახალი წესი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება

"თეთრი სიის" წარმოების ახალი წესი 1-ელი მარტიდან ამოქმედდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში დღეს სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრის თემას წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის (თეთრი სია) წარმოების ახალი წესის გაცნობა.

"დღემდე არსებული რეგულაციის მიხედვით, იმისათვის, რომ მეწარმე სუბიექტი მოხვედრილიყო თეთრ სიაში, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მას უნდა ჰქონოდა არანაკლებ 1 000 000 ლარის ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. სააგენტოს მიერ ამ კუთხით ჩატარებული კვლევების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება არაერთი მეწარმე, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოთ მითითებული ბრუნვა, თუმცა, წლების განმავლობაში, ყოველგვარი შეფერხებისა და ჩავარდნების გარეშე, კეთილსინდისიერად ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, თეთრი სია წარმოადგენს ერთგვარ "სანდოობის რეესტრს" და მხოლოდ ბრუნვა ასეთი ნდობის მოსაპოვებლად არ შეიძლება იყოს ერთადერთი კრიტერიუმი, შემოდის ახალი კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც, თეთრ სიაში შეიძლება დარეგისტრირდეს მიმწოდებელი, რომელსაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სულ მცირე 30 ხელშეკრულება (მაგრამ არანაკლებ წელიწადში 5-ისა). ამგვარი ხელშეკრულების შესრულება უნდა დასტურდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ითა და ანგარიშსწორების შესახებ ასახული ინფორმაციით", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, ახალი წესის მიხედვით, ცვლილება ეხება თავად 1 000 000 ლარის ბრუნვის თემას, კერძოდ, მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა, მაგრამ წლის განმავლობაში სულ მცირე 200 000 ლარისა.

"ამგვარი მიდგომა განპირობებულია თეთრ სიაში აქტიური და სტაბილური მიმწოდებლების რეგისტრაციის მიზნებით. წესი ითვალისწინებს სამართლებრივი, ორგანიზაციული, ტექნიკური და სხვა საკითხების ახლებურად მოწესრიგებას", - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეებმა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების შემდგომი სრულყოფის თაობაზე მოსაზრებები გამოთქვეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ მათ რეფორმების გაღრმავების მზაობა დაუდასტურა.

"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იმედოვნებს, რომ მეწარმეები აქტიურად გამოიყენებენ "თეთრი სიის" ახალი წესით შემოთავაზებულ შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს დაზოგილი თანხების კვლავ ბიზნესში მიმართვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის გაფართოებას", - აღნიშნეს სააგენტოში.

მათივე თქმით, "თეთრი სიის" წარმოების ახალი წესი და პირობები 2016 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე