მერია "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მთავრობამ ა(ა)იპ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციას, ასევე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზებს უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი" თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ა(ა)იპ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" საქმიანობის ეფექტურობის შემოწმების მიზნით, მონიტორინგი როგორც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, USAID-ის პროგრამის - ,,საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის" ფარგლებში განხორციელდა. მონიტორინგის შედეგად, "თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში" გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გადანაწილება, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა, და "მედიათეკების გაერთიანებაში" ალტერნატიული ფინანსური წყაროების არარსებობა დასახელდა. ასევე, მიუხედავად ამისთვის გამოყოფილი რესურსებისა, მენეჯმენტმა არ იზრუნა სამგორის მედიათეკის სათანადო განვითარებაზე.

მოგეხსენებათ, რომ ა(ა)იპ "თბილისის მედიათეკების გაერთიანება" მესამე წელია ფუნქციონირებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით 700 000 ლარია, თუმცა დაარსებიდან დღემდე აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა ვერ შეძლო გამართული ფუნქციონირებისათვის დამატებითი ფინანსური წყაროების მოზიდვა. შესაბამისად, "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" ფუნქციონირებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მოცულობითი თანხების გამოყოფა, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ა(ა)იპ-ი ვერ ვითარდება, მეტიც, ხდება ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და საკადრო რესურსების არაოპტიმალური განაწილება, არამიზნობრივად მიგვაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების" დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

"თბილისის მედიათეკების გაერთიანება" მერიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც გააჩნია რესურსი იყოს უფრო მეტად საინტერესო, საკუთარი შინაარსიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე კი მომხმარებელს მუდმივად ახალი, მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისები შესთავაზოს", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, "თბილისის მედიათეკების გაერთიანებას" კიკვიძის ბაღში მესამე ფილიალი შეემატება.