პროკურატურა - ციხისძირში 10 ჰა მიწის ნაკვეთი ოფშორული კომპანიის სახელზე, საჯარო რეესტრში ყალბი დოკუმენტაციით დარეგისტრირდა

ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთი ოფშორული კომპანია REDMAN FEDERATION INC-ის სახელზე, საჯარო რეესტრში ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე დარეგისტრირდა , - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში აცხადებენ.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რეგისტრაცია 2011 წლის 5 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტროსა და ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.

"2013 წლის 15 თებერვალს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრი პროკურატურის ინფორმაციით, მოცემული საქმის გამოძიების პროცესში არაერთი მოწმე დაიკითხა, ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოდან შესაბამისი დოკუმენტაცია იქნა გამოთხოვილი.

"დადგინდა, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთი, ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ჩართულობით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე დარეგისტრირდა. რეგისტრაცია განხორციელდა 2011 წლის 5 აგვისტოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ხელმოწერაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილი პირის დაკითხვით გამოირკვა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და მსგავსი სახის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, ასევე დადგინდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რწმუნებულება არ გაუცია. ამასთან, ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაზე, საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.