გიგი გიგიაძე - მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტი ინტერესი შევძინოთ

მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული ახლო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და მეტი ინტერესი შევძინოთ , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"ეს არის სამ ქვეყანას შორის კარგად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ფორმატი, რომელიც სტაბილურად, წელიწადში ორჯერ ტარდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს ამ შეხვედრას. ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, განხილული იქნება ამ შეხვედრაზე", - განაცხადა გიგიაძემ.

მისივე განმარტებით, დღეს ასევე ხელი მოეწერება შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც განხილული საკითხები აისახება.

"ასევე, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გაემგზავრებიან კარწახში, სადაც დაათვალიერებენ ერთობლივ - ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს. სამმხრივი თანამშრომლობა ეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს, ასევე პროექტებს, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სამ ქვეყანას შორის არსებული ახლო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და კიდევ უფრო მეტი ინტერესი შევძინოთ. მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის სიახლე და პროექტი, რომელსაც ჩვენი პარტნიორები შემოგვთავაზებენ",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას, ელმარ მამედიაროვს ხვდება. შეხვედრას, რომელიც თბილისის საკრებულოში მიმდინარეობს, რამდენიმე წუთში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდება. აუდიენციის შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.