დომოდედოვოს აეროპორტის მფლობელი დააკავეს

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტის მფლობელი, დიმიტრი კამენშიკი დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, მას ბრალი წაუყენეს 2011 წელს აეროპორტზე განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით.

გამოძიების ცნობით, მან აეროპორტში უსაფრთხოება არ უზრუნველყო, რასაც რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

2011 წლის 24 იანვარს დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი თავდასხმის დროს 37 ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაშავდა. კამენშიკთან ერთად საქმეში ფიგურირებს ასევე აეროპორტის ყოფილი დირექტორი, ვიაჩესლავ ნეკრასოვი, ავიაციის უსაფრთხოების ყოფილი მენეჯერი, ანდრეი დანილოვი და აეროპორტის მართვის კომპანიის წარმომადგენელი, სვეტლანა ტრისინაც.

როგორც დიმიტრი კამენშიკი აცხადებს, ის საკუთარ თავს და მის თანამშრომლებს დამნაშავედ არ მიიჩნევს.