რომან სკორი - ტურისტული მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია

ტურისტული მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, - ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ტურიზმის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, რომან სკორიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ტურიზმის სფეროში რუსეთმა და საქართველომ უკვე მიაღწიეს პროგრესს, თუმცა, ორივე ქვეყანამ ტურიზმის პოტენციალი უფრო მეტად უნდა გამოიყენოს.

"წელს, იანვრის თვეში 44 000-ზე მეტი რუსი ტურისტი ჩავიდა საქართველოში. ეს ციფრი შთამბეჭდავია. ზრდა დიდია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დიდი იქნება რუსეთში საქართველოდან ჩამომსვლელთა რიცხვიც", - აღნიშნა რომან სკორიმ.

მან საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა მეგობრული და კეთილმეზობლური კავშირებისთვის, რაც, მისი თქმით, ტურისტების ნაკადის გაზრდას ხელს შეუწყობს.

გუშინ თბილისში რუსეთის ტურიზმის სამსახურმა რუსეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა. ამასთან, რომან სკორი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმიანისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი ჩოგოვაძეს შეხვდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე