კორუფციული გარიგებისთვის „ვიმპელკომი“ 795 მილიონი დოლარით დაჯარიმდა

რუსული კომპანია “ვიმპელკომი” უზბეკეთში კორუფციული გარიგებების გამო ჯარიმის სახით 795 მილიონ დოლარს გადაიხდის.

გამოძიების მიხედვით, სატელეკომუნიკაციო კომპანია უზბეკეთის ბაზარზე ოპერირების დროს კორუფციულ გარიგებებს აწარმოებდა ქვეყნის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის გულნარა კარიმოვას კუთვნილ ფირმასთან.

რუსული მედიის ინფორმაციით, „ვიმპელკომი“ 167,5 მილიონ დოლარს გადაუხდის აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას, 230,1 მილიონ დოლარს - აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს, 397,5 მილიონი დოლარს კი ჰოლანდიას.

„ვიმპელკომმა“ მნიშვნელოვანი მოგება მიიღო უზბეკეთში 100 მილიონი დოლარის გადახდით ჩინოვნიკისთვის, რომელსაც გავლენა ჰქონდა უზბეკეთის მთავრობაზე“, - ნათქვამია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, „ვიმპელკომმა“ ქრთამის სახით ჯამში მინიმუმ 114 მილიონი დოლარი გადაიხადა.