მთავრობამ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა

მთავრობის სხდომაზე 2016-2020 წლებისთვის საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული დოკუმენტი რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეთავს მოიცავს.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ამ სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.

"საქართველოს მთავრობაზე მქონდა გატანილი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის ვრცელი პრეზენტაცია ჩვენ აუცილებლად გვექნება. ეს არის 2016-2020 წლებისთვის საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ღრმად არ შევალ თემაში, თუმცა გეტყვით მნიშვნელოვან ქვეთავებს, ის რისგანაც შედგება, ეს არის - საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო მეწარეობის უნარების განვითარება და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა, ექსპორტის ხელშეწყობა და მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია, ინოვაციებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.