მევლუთ ჩავუშოღლუ - ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივ პროექტებს არაფერი ემუქრება

ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივ პროექტებს არაფერი ემუქრება. პროექტებზე გავლენას ვერაფერი მოახდენს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტერორიზმის არ უნდა შეგეშინდეს, პირიქით, ტერორიზმს ბრძოლა უნდა გამოუცხადო.

მინისტრის განმარტებით, თურქეთი განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო თავის საგარეო პოლიტიკას არ ცვლის და შესაბამისად, მეგობრებთან არანაირი პოზიციების გადახედვას არ აპირებს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ საუკეთესო პასუხი სწორედ ერთად დგომა და სოლიდარობაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით კი, ტერორიზმის საფრთხე არსებობს, მაგრამ მის წინააღმდეგ ყველა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა იბრძოლოს.

"მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, ვიქნებით მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან, რომ ეს საფრთხე დავამარცხოთ. რაც შეეხება პროექტებს, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა უკვე დაწყებული პროექტები წარმატებით წარიმართოს და ასევე წარმატებული იყოს ახალი პროექტები, რომლებსაც ალბათ, მომავალში განვახორციელებთ", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.