მიხეილ ჯანელიძე - თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ამის შესახებ ჯანელიძემ დღეს თურქეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ უკანასკნელ პერიოდში სამმხრივი თანამშრომლობა გაფართოვდა და არაერთი მიმართულება მოიცვა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებათა დონეზე.

"შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკულ პროექტზე. დავაფიქსირეთ მკაფიო მხარდაჭერა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციისადმი და აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ქვეყნები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში", - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი მალე დასრულდება.

ჯანელიძის განმარტებით, განსაკუთრებული ყურდაღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, "გავცვალეთ ინფორმაცია და დავაფიქსირეთ ურთიერთმხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მზარდი, დინამიური ხასიათი", - განაცხადა ჯანელიძემ და მინისტრებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღესვე სამმხრივი შეხვედრის ოქმს მოაწერეს ხელი, სადაც ყველა ის საკითხი აისახა, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს.

მინისტრები დღესვე კარწახში გაემგზავრებიან და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის განხორციელების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობიან.