დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ ავიაკომპანია Ryanair ქართული მხარის შეთავაზებებს მოიწონებს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ ავიაკომპანია Ryanair ქართული მხარის შეთავაზებებს მოიწონებს და მიიღებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მიმდინარე კვირა შეაფასა და მას ძალიან კარგი უწოდა. ამ კონტექსტში ეკონომიკის მინისტრმა "ვიზეარის" მიერ სექტემბრიდან ევროპის შვიდი მიმართულებით ფრენების განხორციელება დაასახელა.

"17 თებერვალს "ვიზეართან" ერთად გამოვაცხადეთ საჯაროდ იმ ხელშეკრულების შედეგები, რომლის მიხედვითაც 7 ახალი მიმართულებით სექტემბრიდან ქუთაისიდან ფრენები განხორციელდება. ეს მიმართულებებია ევროპის ქვეყნები, რაც არის ძალიან კარგი. "ვიზეართან" მიმართებაში მოხდება თვითმფრინავის ბაზირება. აღნიშნულ ავიაკომპანისთან ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ერთ დღეში არ მომხდარა. ეს არის ძალიან დიდი პროცედურა. დაახლოებით, წელიწადნახევარი ვმუშაობდით, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ასევე განუწყვეტლად მუშაობს ავიაკომპანია Ryanair-თან.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული კომპანიისადმი ჩვენი შემოთავაზებები ასევე მათგან მიღებული და მოწონებული იქნება. ძალიან ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და ვთვლით, რომ ისინი სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინდა დავადასტურო, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ქართული მხრიდან მთელი ამ პერიოდის მანძილზე აქტიურობა, მოთხოვნები და შეთავაზებები მრავლად იყო. ისინი ჩვენი აქტიურობის გამო მადლობლები არიან", - განაცხადა ქუმსიშვილმა.