Currency News - "ქართული ვალუტის ახალი სახე"

"ქართული ვალუტის ახალი სახე", -  ამ სახელწოდებით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული ჟურნალი Currency News  ლარის განახლებული ბანკნოტების შესახებ.

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახლებული ბანკნოტების ემისია დაიწყო. თავდაპირველად გამოვიდა განახლებული 20 და 50 ლარიანი ბანკნოტები. 100 ლარიანი ბანკნოტი წელსვე მოგვიანებით გამოვა, ხოლო მომავალში დაგეგემილია 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების გამოშვება.

როგორც ახალი, ისე ძველი ბანკნოტების მთავარი თემა არის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, თუმცა განახლებული ბანკნოტები განსხვავებული და უფრო თანამედროვეა, მათზე დამატებულია ახალი ელემენტებიც და უფრო მკაფიო ფერებია გამოყენებული. 20 ლარიანი ბანკნოტი არის მეწამული, 50 ლარიანი მწვანე, ხოლო 100 ლარიანი ბანკნოტი მუქი იისფერი იქნება.

ბანკნოტების დიზაინი შეიმუშავა ბაჩა მალაზონიამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ლარის პირველი ბანკნოტების შექმნაში 20 წლის წინ. წინა ემისიების ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება ლარის განახლებულ ბანკნოტებთან ერთად", - წერს გამოცემა.

ჟურნალი Currency News წარმოადგენს ვალუტის წარმოებასა და გამოშვებასთან დაკავშირებული ყველა დაინტერესებული პირისთვის ინფორმაციის უნიკალურ და ყოვლისმომცველ წყაროს. წელიწადში გამოდის ჟურნალის 12 მაღალინფორმაციული ნომერი, რომელიც მოიცავს ვალუტის ყველა ასპექტს, ახალ ამბებს, ექსპერტულ ანალიზს, ინფორმაციას სტანდარტების დარგში მომუშავე კომპანიებისა და არსებული ტექნოლოგიების შესახებ.