აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს ანაზღაურება გაეზრდებათ

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს ფინანსური რესურსი გაეზრდებათ. ამასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატმა ფრიდონ საყვარელიძემ მოამზადა.

მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩეველს ეძლევა ჰონორარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის მიხედვით კი, მრჩეველთა საბჭოსათვის, დაკისრებული მოვალეობების განსახორციელებლად, გამოყოფილი თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 3%-ს შეადგენს. აქედან მრჩეველთა საბჭოს წევრების ჰონორარისთვის გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს.