თამარ სანიკიძე - გერმანული მოდელის დანერგვა დასაქმების მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა შემდგომში მართლაც დასაქმების მაღალ მაჩვენებელს უზრუნველყოფს.

თამარ სანიკიძემ დუალური განათლების მოდელის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს არის სისტემა, რომელიც ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო პროცესში დამსაქმებელს, კერძო სექტორის წარმომადგენელს, ანუ ინდუსტრიას წამყვანი როლი უჭირავს, რომლისთვისაც ესა თუ ის პროგრამა ხორციელდება.

განათლების მინისტრის შეფასებით, ეს ნამდვილად წარმატების საწინდარია.

"ნებისმიერ შემთხვევაში პროფესიული განათლება უნდა იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული და მისი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მითუმეტეს, როდესაც საქართველოში ხორციელდება ახალი ინვესტიციები, შემოდიან ახალი კომპანიები, ასევე შემოდის ახალი პროფესიების მცნებაც და ის მოთხოვნებიც, რომელიც დღეს ბაზარზე არ არსებობდა. ეს არის მოდელი, რომელშიც იგულისხმება უფრო დიდი აქცენტი საწარმოო პრაქტიკაზე, უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესში ჩართულია დამსაქმებელი", - განაცხადა სანიკიძემ.

განათლების მინისტრის თქმით, ამის იმდაგვარად გაგება არ უნდა მოხდეს, რომ ხელისუფლება აღნიშნული მოდელის პირდაპირ გადმოღებას და საქართველოში განხორციელებას გეგმავს.

"დუალური საგანმანათლებლო სისტემიდან შესაძლებელია იმ ელემენტების წამოღება, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კერძო სექტორისა და დამსაქმებლის ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში. ეს არის ის, რაც შემდგომში უზრუნველყოფს მართლაც დასაქმების მაღალ მაჩვენებელს", - განაცხადა სანიკიძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროფესიული განათლების რეფორმა 2013 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს და ემსახურებოდა იმ სისტემის გამართვას, რომელიც მოშლილი იყო.

"რა უნდა გავაკეთოთ დღეს, საიდან უნდა დავიწყოთ, თავიდან თუ ბოლოდან?! ძალიან კარგად ვიცით, რომ პროფესიული განათლების რეფორმა 2013 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს იყო ძირითადად რეფორმა, რომელიც ემსახურებოდა სისტემის გამართვას, რადგან სისტემა პრაქტიკულად მოშლილი იყო. არ არსებობდა არაფერი ინფრასტრუქტურიდან დაწყებული პროგრამით დამთავრებული. დუალური სისტემის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა იგივე 2013 წელს, მაგრამ დღეს როდესაც ინფრასტრუქტურა არის გადაიარაღებული, როდესაც ახალი სტანდარტები და მათზე მორგებული პროგრამები გვაქვს, სადაც უკვე ჩართული იყო იგივე დამსაქმებელი, ახლა შეიძლება, სისტემის ისე მოტრიალება, რომ რეფორმის ძირითადი ეტაპი განხორციელდეს. განხორციელდეს უკვე სისტემურად, რომ კონკრეტული ერთი სისტემა ჩამოყალიბდეს. ამას გულისხმობენ გერმანული დუალური სისტემის დანერგვაში", - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რეფორმის განხორციელების ვადების დადგენა და შესაბამისი რესურსების დაგეგმვა მიმდინარეობს.

"პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან, რომელიც ჩვენთან ერთად რეფორმაში იქნება ჩართული. ეს მოიცავს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელსაც ცოტა მოგვიანებით დეტალურად გაგაცნობთ", - განაცხადა სანიკიძემ.