ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებზე საგადასახადო შეღავათის დაწესების ინიციატივას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას, რომელიც ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებზე საგადასახადო შეღავათის დაწესებას ითვალისწინებს.

"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი დღეს, პირველი მოსმენით, 82 ხმით მიიღეს. როგორც კენჭისყრის წინ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განმარტა, აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერის საკითხზე განხილვა რამდენჯერმე შედგა და გადაწყდა, რომ მას "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს.

"თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივა ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილების აქციზისა და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი ამჟამად ელექტროძრავიან სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება.