დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შეტანილი ცვლილებები განმარტა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შეტანილი ცვლილებები განმარტა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილებები დღეს მთავრობის სხდომაზე იქნა გატანილი და ის რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, მცირდება დაფინანსების ქვედა ზღვარი.

"ეს ცვლილებები ეხება ქვედა ზღვარს. მოგეხსენებათ, რომ პროგრამაში ქვედა ზღვარი იყო 250 000 ლარი და 150 000 დოლარი. შესაბამისად, ახალი განკარგულების მიხედვით ეს ზღვარი მცირდება. ზღვარი დაწესდება 75 000 დოლარით და 150 000 ლარით. თითონ ცვლილება განპირობებული იყო მოთხოვნით, კერძო სექტორთან და ბანკებთან არაერთი კონსულტაციით. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამატეთ საწარმოების გაფართოების ნაწილი, აღნიშნული კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა და ის მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ბენეფიციარების რაოდენობა პროგრამაში გაიზარდოს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, კიდევ ერთი ცვლილება ასევე ბანკებთან არაერთი კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.

"ლარში ჩვენ გვქონდა დაწესებული მაქსიმალური ზედა ზღვარი, რომელიც 13% იყო და აღნიშნული ზედა ზღვარი გავზარდეთ. შესაბამისად, უკვე თანხების რაოდენობის მიხედვით ის გაიზარდა და ეს არის - 3-დან 5 მილიონ ლარამდე კრედიტის შემთხვევაში - 15%, საიდანაც ჩვენ გარკვეულ ნაწილს დავასუბსიდირებთ. 16% იქნება მილიონ ნახევრიდან 3 მილიონი ლარის შემთხვევაში, ხოლო მილიონ ნახევარ ლარამდე სესხის შემთხვევაში - 17%", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ცვლილება შეეხო სასტუმრო კომპონენტს და დაზუსტდა სასტუმროს განმარტება.

"კანონიდან აღებულ განმარტებას დაემატა ოთახების რაოდენობა და დაიწერა, რომ ეს იქნება 10 ოთახი. აღნიშნულით ჩვენ წავახალისებთ საოჯახო სასტუმროების განვითარებას და სწორედ ეს იყო ჩვენი ამოცანა. ასევე დაზუსტდა საერთაშორისო ბრენდის განმარტება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნია იმიტომ, რომ სასტუმროების კომპონენტი ითვალისწინებს ამ მიმართულებასაც", - განაცხადა ქუმსიშვილმა.